ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ სუს-ის მიერ ჩანერგილი, სუსტი ნებისყოფის პირებისგან თავისუფლდება, რაც კარგია
ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ სუს-ის მიერ ჩანერგილი, სუსტი ნებისყოფის პირებისგან თავისუფლდება, რაც კარგია

ოპოზიციონერი დეპუტატის, ოთარ კახიძის მტკიცებით, „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიის ვარკეთილის ორგანიზაციიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეგავლენით წავიდნენ.

ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ცალკეული პირების გადაბირებას დაშინებითა და სუს-ის მეშვეობით ცდილობს.

„ეს ვარკეთილის ორგანიზაციის ორი თუ სამი აქტივისტის შემთხვევაში მოახერხეს, რაც მთლიან სურათს არ ცვლის, რადგან „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში არ გაიმარჯვოს. სუს-ის უბადრუკი მცდელობა თითო-ოროლა აქტივისტის გადაბირების თაობაზე ღიმილის მომგვრელია და გარკვეული პირების სუსტ ნებისყოფასა და ხელისუფლების მცდელობაზე მიუთითებს, რომ ყველანაირ ნაბიჯზე მიდიან“, – განაცხადა კახიძემ.

დეპუტატის შეფასებით, ყველა აცნობიერებს, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლებისთვის სასიკეთო შედეგი არ ექნება.

„მათი კანდიდატი მაინც დამარცხდება. ეს ადამიანები სუს-ის ზეგავლენით წავიდნენ, რადგან ყველა რაიონულმა ორგანიზაციამ იცოდა, რომ „ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, ან პირიქით. მტკნარი სიცრუეა, რომ თითქოს, ეს ვიღაცისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. „ევროპული საქართველო” სუს-ის ჩანერგილი თუ სუსტი ნებისყოფის მქონე პირებისგან რომ თავისუფლდება, კარგი და მისასალმებელია”, – განაცხადა კახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა. როგორც პირველ არხს ვარკეთილის ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, აკაკი ველთაურმა განუცხადა, პარტიის დატოვების მიზეზი არჩევნების მეორე ტურში პარტიის მიერ „ნაციონალურ მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაა.