ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ საარჩევნო მოდელს სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ შეთანხმების პირობების დაცვის შემთხვევაში, რომელიც პატიმრების გათავისუფლებასაც გულისხმობს
ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ საარჩევნო მოდელს სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ შეთანხმების პირობების დაცვის შემთხვევაში, რომელიც პატიმრების გათავისუფლებასაც გულისხმობს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მიღწეული შეთანხმება ქვეყნის გამარჯვებაა.

„რაც შეეხება შეთანმხებას, ეს არის ქვეყნის გამარჯვება და კარგია, რომ პოლიტიკურმა ელიტამ მთლიანობაში მოახერხა კონსენსუსის მიღწევა. გაფორმდა ისეთი შეთანხმება, რომელიც ქვეყნისთვის არის გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი. ეს არის პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოვებული, მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან შემცირდება 30 მდე. მივიღებთ ისეთ ოლქებს, სადაც იქნებიან გადანაწილებული ამომრჩევლები თანაბრად, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძის თქმით, შეთანხმებას თან ერთვის პატიმრების გათავისუფლება.

„ზოგადად, გავრილოვის ღამის, 20 ივნისის შემდგომი კრიზისის განმუხტვა, რაშიც ნამდვილად დაგვეხმარა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლებიც რჩებიან საქართველოს მეგობრებად, რჩებიან ქართული საზოგადოების, ქართული დემოკრატიის გულშემატკივრებად და ამან განაპირობა მთლიანობაში ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებისა და კომპრომისის მიღწევა. შანსებს რაც შეეხება, მსაჯული უნდა იყოს ქართველი ხალხი. ჩატარდება საარჩევნო კამპანია, ჩვენ შევთავაზებთ საარჩევნო პროგრამებს, გაიმართება დისკუსია. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს კამპანია ჩაივლის ძალადობრივი ინდციდენტებისა და მნიშვნელვანი დარღვევების გარეშე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციას გვმართებს განსაკუთრებული მობილიზაცია, აქტიურობა“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

„ჩვენ გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც თავისი ხედვითა და გამოცდილებით მზად არის, მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყნის სადავეები ხელში აიღოს იმ შემთხვევაში, თუ კი საზოგადოება ნდობას გამოუცხადებს“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ გატეხს სიტყვას, კახიძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავთ, მითუმეტეს, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა ნებისმიერი ტიპის შეთანხმების დარღვევას აქვს თავისი ფასი, ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ვაპირებთ შეთანხმების პირობების შესრულებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები აღნიშნული შეთანმხების პირობების დაცვას კეთილგონიერად მიუდგებიან“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

მან მედიასთან პროცედურულ ნაწილზეც ისაუბრა.

„პროცედურულად წინ გველის კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის დარეგისტრირება, ინიცირება, შემდგომ განხილვა და შემდეგ სამი მოსმენით კენჭისყრა“ ,- აღნიშნა კახიძემ.

კახიძე ამბობს, რომ შეთანხმების პირობების დაცვის შემთხვევაში, რომელიც ასევე პოლიტპატიმრებს ეხება, პარტია საარჩევნო მოდელს სრული შემადგენლობით მხარს დაუჭერს.

„ევროპული საქართველო“, რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების პირობების დაცვის შემთხვევაში, მოგეხსენებათ, შეთანხმება გულისხმობს, არა მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე კომპრომისს, არამედ პატიმრების გათავისუფლებას და მიმდინარე დევნის შეწყვეტას, ეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური, მეტნაკლებად პოლიტიკური გარემო, შესაბამისად, თუ ეს პირობები იქნება დაცული, ჩვენ ჩვენი მხრიდან ცხადია, დავიცავთ დადებულ პირობას, რომ აღნიშნულ მოდელს დავუჭიროთ მხარი სრული შემადგენლობით“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების  განცხადებებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ,  კახიძე აცხადებს, რომ ამ დეფინიციებზე ვერ შეთანხმდებიან.

„ეს არც არის აუცილებელი. ფაქტია, რომ 20 ივნისის შემდეგ ჩვენ გვყავს სხვადასხვა ფიგურა, რომლებიც არიან პატიმრობაში. ესენი არიან პოლიტიკოსები, აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, მიმდინარე დევნაა ასევე მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების მიმართ. ამიტომ მიუხედავად იმისა დეფინიციაზე ვთანხმდებით, თუ არა, არსებობს კანონით გათვალისწინებული მექანიზმები. ეს არის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლა, პროცესის გადადება, საპრეზიდენტო შეწყალება, ეს არის სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც პირდაპირ ამ შეთანხმებაში სიტყვასიტყვით არ წერია, მაგრამ მინიშნებები არის გაკეთებული და ყველას ინტერესშია, ვინც პოლიტიკურ ველზეა საქართველოში, რომ სიტუაცია განიმუხტოს“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძე დღეს ვერ საუბრობს, როდის შეწყვეტს „ევროპული საქართველო“ ბოიკოტს და დაუბრუნდება საპარლამენტო საქმიანობას.

„რაც შეეხება საპარლამენტო ცხოვრების განახლებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოწადინებული ვართ, რომ განახლდეს და ჩავერთოთ კლავ მუშაობაში, თუმცა რა თქმა უნდა „ევროპულ სქართველოს“ ამ საკითხეზე დაგვჭირდება მსჯელობა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ორი პირობა ხელისუფლებისგან – ეს არის პატიმრების საკითხი და მიმდინარე პოლიტიკური დევნის მოგვარება ამ კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით. მეორე არის კონსტიტუციური ცვლილების მომზადება, ინიცირება, წარდგენა. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვა ამასთან იქნება კავშირში“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

აშშ-ის საელჩომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ტექსტი გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.