ოთარ კახიძე - „ევროპულმა საქართველომ“ დავაყენეთ ინიციატივა, რომ ევროპარლამენტმაც გაავრცელოს სანქციები იმ პირებზე, ვინც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვდება
ოთარ კახიძე - „ევროპულმა საქართველომ“ დავაყენეთ ინიციატივა, რომ ევროპარლამენტმაც გაავრცელოს სანქციები იმ პირებზე, ვინც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვდება

„ევროპულმა საქართველომ“ ევროპარლამენტში დააყენეს ინიციატივა, რომ ევროპარლამენტმაც გაავრცელოს სანქციები იმ პირებზე, ვინც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვდებიან.

ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ პირველ არხს განუცხადა.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაიგმო ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ქმედებები და ასევე, შეიქმნა კონკრეტული მექანიზმი, რომელიც სადამსჯელო სანქციებს გაატარებს კონკრეტული დამნაშავეების მიმართ. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც იქნება მსჯავრდებული ან ბრალდებული ჩვენი მოქალაქეების გატაცების და სიცოცხლის ხელყოფისთვის.

ევროპარლამენტის წინაშე ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ დავაყენეთ ინიციატივა, რომ ევროპარლამენტმაც გაავრცელოს სანქციები იმ პირებზე, ვინც ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში მოხვდებიან. 10 წელი გადის აგვისტოს ომიდან. ევროპარლამენტი აპირებს სერიოზული რეზოლუციის მიღებას. ჩვენი სურვილია, რომ ამ რეზოლუციის პარალელურად , სწორედ ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის გათვალისწინება მოხდეს. სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებს, რომ სიით გათვალისწინებული ზომების გატარება ვერ მოხდება, რაც ჩვენი აზრით, ამ ინიციატივისთვის ძალიან დამაზიანებელია. თუ ჩვენ საქართველოს დელეგაციამ არ ვაჩვენეთ ერთიანობა ამ საკითხის ირგვლივ, მაშინ ევროპარლამენტარები ჩვენზე მეტად ამ საკითხით არ დაინტერესდებიან. ჩემი სურვილია, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოვიდეთ და საერთო საქვეყნო საქმეებს მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ“,- განაცხადა კახიძემ.

პირველი არხი ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს ბრიუსელში ესაუბრა.

„ეს არ არის ჩვენი პოზიციის სწორი შეფასება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ რეზოლუციის სულისკვეთებას და ყველაფერი, რაც რეზოლუციაში წერია ჩვენთვის არაფერი მიუღებელი არ არის, მათ შორის ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის საკითხები. თუ ეს აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციაში კარგია, მაგრამ დავაფიქსირე ის პოზიცია, რაც საქართველოში შესაბამისი რეზოლუციის მიღებისას. დროა, რომ დავიწყოთ საუბარი მასშტაბური სანქციების საკითხზე ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ“,- განაცხადა სამადაშვილმა.