ოთარ კახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების გზების გამოკვეთა
ოთარ კახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების გზების გამოკვეთა

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების გზების გამოკვეთა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ეს რეზოლუცია ნიშნავს, რომ საქართველოს დიდი მეგობრები ევროპარლამენტში, მათ შორის გამოკვეთილი მხარდამჭერი კვლავ განაგრძობს გვერდით დგომას.

„ეს რეზოლუცია არის საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების გზების გამოკვეთა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი კუბილიუსი ქართველი ხალხის, საქართველოს მეგობარია და არა რომელიმე ხელისუფლების. შეგახსენებთ, მის საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ნაბიჯებთან მიმართებაში და ასევე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა არაკომპეტენტურად მოიხსენია ის პარლამენტარი ევროპაში, რომელიც არის საქართველოს ყველაზე ახლო მეგობარი და ჩვენი ყველაზე გულწრფელი მხარდამჭერი. ეს არ არის მოკლევადიანი საკითხი, ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. კარგია, რომ ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ერთი ადგილი არ უნდა ვტკეპნოთ. მნიშვნელოვანია, სავიზო რეჟიმის გაუქმება, მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ შემდგომ პერსპექტივაზე გაწევრიანების გზაზე როგორ დადგეს მყარად საქართველო და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ეს დოკუმენტი. შესაბამისად, ამ ხელისუფლების პირობებში ნამდვილად არ მაქვს იმედი, რომ გადაიდგმება რამე სერიოზული ნაბიჯები, რადგან ისინი საქართველოს მეგობრებს არაკომპეტენტურებს უწოდებენ და ლანძღავენ პირდაპირ, რადგან მათთვის უსიამოვნო განცხადებებს აკეთებენ. მას შემდეგ, რაც ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში, საქართველოს ეყოლება უკეთესი ხელისუფლება, პროდასავლური რეალურად, რომელიც გავრილოვს კი არ ჩამოიყვანს, არამედ ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთთან დაახლოების გზაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირსა და ნატო-ს“, – განაცხადა კახიძემ.

ევროპარლამენტმა დაამტკიცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს.