ოთარ კახიძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარესთან უნდა იმუშაოს, ყოველგვარი განცხადებები დაპირისპირებაზე, უაღრესად დამაზიანებელია
ოთარ კახიძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარესთან უნდა იმუშაოს, ყოველგვარი განცხადებები დაპირისპირებაზე, უაღრესად დამაზიანებელია

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარესთან უნდა იმუშაოს.

ამასთან, კახიძემ ამ თემაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას არაადეკვატური უწოდა.

„პრეზიდენტის ეს განცხადება არის არაადეკვატური. ჩვენ ზოგადად, გვყავს პრეზიდენტი, რომელიც თავს გვამახსოვრებს სწორედ ასეთი, სახელმწიფოს საზიანო განცხადებებით, არარსებულ ადგილებზე პრობლემების შექმნით ნაცვლად იმისა, იზრუნოს პრობლემების მოგვარებაზე და დეესკალაციაზე. სამწუხაროა, რომ ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე ასეთი არაპროგნოზირებადი და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ადამიანი გვყავს არჩეული.

რაც შეეხება გარეჯში შექმნილ ვითარებას, ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს აზერბაიჯანულ მხარესთან. ყოველგვარი განცხადებები და მინიშნებები ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების შესახებ არის უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს სერიოზული პრობლემა აქვს ჩრდილოელ მეზობელთან, სხვა მეზობლებთან კი,  აქვს კეთილმეზობლური და კარგი ურთიერთობა, რაც უნდა შენარჩუნდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საზღვრების დელიმიტაციის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი: „როგორც თქვენთვის, ისე ჩემთვის, ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ახლახანს წამოვიწყე ჩვენს ორ პარტნიორთან ერთად. შესაძლოა, ამან გამოიწვია რაღაც შედეგები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთი მისია უკვე დაწყებულია, მეორე ალბათ ახლო მომავალში იქნება. საჭიროა, სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს გამყარებული სამუდამო საზღვრები“.