ოთარ კახიძე - ჩვენი ამოცანაა, ჩვენი და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკი იყოს იმხელა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების მანდატი გვქონდეს
ოთარ კახიძე - ჩვენი ამოცანაა, ჩვენი და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკი იყოს იმხელა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების მანდატი გვქონდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ მაინც უკეთესი ძალაა, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში„ტრიბუნა“ განაცხადა.

„თუ ისე მოხდა, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, ჩვენ შორის ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც უკეთესი ძალაა, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ოლიგარქია და მმართველობის მახინჯი ფორმაა. წითელი ხაზი არის ივანიშვილი და პრორუსულები. ეს ცალსახაა. შემდგომ, ჩვენი ამოცანაა, კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ კი არ გავაკეთოთ, არამედ, ჩვენი და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკი იყოს იმხელა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების მანდატი გვქონდეს და ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწიოს“, – განაცხადა კახიძემ.

ამ განცხადებით ოთარ კახიძემ დებატებში მონაწილე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას შეკითხვას უპასუხა, დაუჭერს თუ არა მხარს „ევროპული საქართველო“ მიხეილ სააკაშვილს, ან მის მიერ ნომინირებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს იმ შემთხვევაში, თუ იგივე შედეგი დადგა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. 

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს სურვილი და ამბიცია, რომ საკუთარი მხარდაჭერა გაზარდოს და მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს მხარდაჭერილი.

„ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ის რეალური ოპოზიციური ალტერნატივა, რომელიც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და უნდა იყოს „ევროპული საქართველო“. გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ გავზარდოთ საკუთარი მხარდაჭერა და ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს მხარდაჭერილი. „თავისუფალ დემოკრატებს“, ჩვენ და მათ, ვისაც ამის სურვილი ექნება, გვაქვს ასეთი შეთავაზება, რომ ჩვენ ირგვლივ შეიკრას პროდასავლური ძლიერი კოალიცია, რომელიც ივანიშვილის დამარცხების გარანტი იქნება“, – განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პროდასავლურ ბლოკში მოკავშირეებს ეძებს.

„ჩვენი განაცხადი, ივანიშვილთან და პრორუსულ სატელიტებთან კოალიციაზე მკაფიო პოზიცია დაფიქსირდეს, სწორედ ამას ნიშნავს, რომ არჩევნებზე მრავალფეროვანი ფრონტით გავიდეთ, მაგრამ შემდეგ, პროდასავლურმა ოპოზიციამ, ვინც ივანიშვილის ორბიტაზე არ იქნება, ერთმანეთთან ხიდები და კავშირები უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დატოვე კომენტარი