ოთარ კახიძე - ჩვენ ჩვენი გზა და ბრძოლა გვაქვს, რომელიც მთაწმინდაზე, მეორე ტურზე გადის
ოთარ კახიძე - ჩვენ ჩვენი გზა და ბრძოლა გვაქვს, რომელიც მთაწმინდაზე, მეორე ტურზე გადის

„ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და მთაწმინდაზე მეორე ტურისთვის ემზადება. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განუცხადა, ყველა ადამიანის უფლებას კონსტიტუცია იცავს, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს.

„ევროპული საქართველო“ აქციებსა და მიტინგებს განიხილავს, როგორც ლეგიტიმურ საშუალებას ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის და ამ შემთხვევაში პროტესტი სამართლიანია, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ არაერთ დარღვევას უკავშირდება, თუმცა ჩვენ წინ ბრძოლა გვაქვს. ყველა მიტინგსა და აქციას თავისი დრო აქვს. ჩვენთვის პრიორიტეტული დედაქალაქის ცენტრში არჩევნების მეორე ტურია”, – განაცხადა კახიძემ.

დეპუტატის თქმით, შალვა შავგულიძე მეორე ტურშია გასული და ისინი კონცენტრირებულები სწორედ ამ ბრძოლაზე არიან.

„ეს გარდამტეხი ეტაპია იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილი დავამარცხოთ და ხელისუფლებიდან გავისტუმროთ. შალვა შავგულიძის გამარჯვება ამ ბრძოლაში საეტაპო უნდა იყოს. ჩვენ ჩვენი გზა და ბრძოლა გვაქვს, რომელიც მთაწმინდაზე მეორე ტურზე გადის. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ, მთავარი კონცენტრაცია ოპოზიციის ელექტორატის მთაწმინდაზე უნდა იყოს, რომ სახელისუფლებო კანდიდატი დავამარცხოთ.

“ევროპული საქართველო” მიტინგებსა და აქციებს ლეგიტიმურად განიხილავს და არ გამოვრიცხავთ, რომ სხვადადხვა სახის აქცია გავმართოთ, მაგრამ ამ ეტაპზე კონცენტრირებული მეორე ტურის არჩევნებზე ვართ”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დატოვე კომენტარი