ოთარ გრიგოლია - საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კომუნიკაცია ხშირად დებოშში გადადის
ოთარ გრიგოლია - საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კომუნიკაცია ხშირად დებოშში გადადის

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დღევანდელ შეხვედრას შოუს უწოდებს.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით,  საკრებულოს სხდომებზე „ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს ყოველთვის ეძლევათ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

„ხშირ შემთხვევაში, მათი კომუნიკაცია დებოშში გადადის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკრებულო და თავმჯდომარე აძლევს მათ ამის საშუალებას, რაც ბუნებრივი პროცესია. ამაში მათთვის ხელის შეშლას არავინ აპირებს. გასათვალისწინებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხშირ შემთხვევაში, საკითხში გარკვევა კი არ აინტერესებს, არამედ საკრებულოში გარკვეული არეულობის შექმნა სურს“, – განაცხადა გრიგოლიამ.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის ფორსირებულ რეჟიმში ჩატარების მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, თუმცა ეს მთლიან სურათს არ ქმნის.

„ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვატყობინებთ ოპოზიციას, როცა საკითხები შემოდის. ქალაქი იწყებს აქტიური რეფორმირების  პროცესს, ყველა საქალაქო სამსახურში მიმდინარეობს რეფორმა, ამიტომ ძალიან ფორსირებულ რეჟიმში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. იყო ერთი შემთხვევა, თუმცა შევთანხმდით, რომ მომავალში მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა გრიგოლიამ.

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი განცხადებით, საკრებულოში უამრავი პრობლემაა, მათ შორის რიგგარეშე სხდომების დანიშვნის საკითხი, რომლის შესახებ ინფორმაციას ოპოზიცია  მხოლოდ ბოლო საათებში იგებს. შედეგად, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების და მასალების გასაცნობად დრო არ ეძლევათ.