ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაშია აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ოთარ ფარცხალაძეა გამოსახული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ მასალებთან თავად ფარცხალაძეს არავითარი შეხება არ აქვს.
„ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ვიდეორგოლი, ასევე ფოტოები, სადაც გამოსახულია ბატონი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც თითქოს უთქვამს შემდეგი: „ღარიბაშვილის დაჭერის შემთხვევაში 10 წუთში ჩამოვშლი „ქართულ ოცნებას“ ერთი ვიდეოჩანაწერით“. გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ აღნიშნული გახლავთ სიცრუე, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი და არავითარი შეხება აღნიშნულ ვიდეორგოლთან, ფოტოსურათებთან ან ტექსტთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნია.
მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ავრცელებს მსგავს სიცრუეს სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და არასწორი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩვენ ვემიჯნებით მომავალში მსგავსი ცილისმწამებლური შინაარსის ინფორმაციას და ვაცხადებთ, რომ არც ახლა და არც მომავალში რაიმე სახის შემხებლობა მსგავს ფეიკინფორმაციასთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნდა და არც ექნება“, – ნათქვამია განცხადებაში.