ოთარ ფარცხალაძე სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება
ოთარ ფარცხალაძე სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება, – ამის შესახებ ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს და პროცესის გადადება ითხოვეს.

შუამდგომლობას დაეთანხმა საქმის პროკურორიც.

საბოლოოდ, მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, ფარცხალაძის ადვოკატების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის არსებითი განხილვა 12 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე ხუთი ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მას ბრალი პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცემას გულისხმობს.