ოთარ დანელია - თუ საქართველოში ინვესტორი შემოდის, მატერიალური სახსრები უნდა შემოიტანოს და არა სახელმწიფო სუბსიდიებით ისარგებლოს
ოთარ დანელია - თუ საქართველოში ინვესტორი შემოდის, მატერიალური სახსრები უნდა შემოიტანოს და არა სახელმწიფო სუბსიდიებით ისარგებლოს

თუ საქართველოში ინვესტორი შემოდის, მან მატერიალური სახსრები უნდა შემოიტანოს და არა სახელმწიფოს სუბსიდიებით და შეღავათებით ისარგებლოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„საქართველოში არის ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი“, – განაცხადა დანელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კარგავს თუ არა ქვეყანა გარკვეულ სიკეთეებსა და სარგებელს ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციით, 16 დეკემბრიდან მორატორიუმი გრძელდება, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ასე არ არის, რისი დადასტურება ციფრებშიც შეიძლება.

„საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში კრიტიკულ მასას ნამდვილად არ წარმოადგენს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მცირეა, მაშინ, როცა მიწის ბაზარი აბსოლუტურად ღია იყო. მეტიც, ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქართული მიწის ყიდვა და შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გადაყიდვა, სპეკულაციურად. რეალურად, ეს დატვირთვა უფრო ჰქონდა ხოლმე და ხშირ შემთხვევაში, მიწა ათვისებული არ იყო. ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ათვისებულ იქნას სასოფლო-სამეურნეო მიწის ყოველი სანტიმეტრი“, – განაცხადა დანელიამ.

მისი თქმით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ქართველების მიერ გაწეულ ინვესტიციებთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ათჯერ უფრო ნაკლები იყო.