ოთარ დანელია - სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც გამონაკლის შემთხვევებს არ ითვალისწინებს
ოთარ დანელია - სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც გამონაკლის შემთხვევებს არ ითვალისწინებს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც გამონაკლის შემთხვევებს არ ითვალისწინებს.

როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, ახალი კანონპროექტი იჯარაზე ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს, ასევე შესაძლებლობა არსებობს გრძელვადიანი იჯარის.

კანონმდებლის ცნობით, ცვლილებების ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.

„არსებული პროექტი გამონაკლისს არ ითვალისწინებს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ კანონპროექტის კორექტირება მოხდეს. კანონპროექტი უკვე მზად არის, მსჯელობა გუნდში მიმდინარეობს და საგაზაფხულო სესიაზე შეგვიძლია ეს პროექტი დავძრათ, მაგრამ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, ეს კანონი ვერ ამოქმედდება”, – განაცხადა დანელიამ.

დეპუტატი მიწის საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„დეპუტატებისა და მინისტრების უმრავლესობა ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. ეკონომიკის მინისტრს ეკონომიკის განვითარება უნდა და ცდილობს, სადაც შესაძლებელი იქნება, რესურსი გამოყენებული იყოს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა თემაზე არაერთი განცხადება გააკეთა”, – განაცხადა დანელიამ.

პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციით, უცხოელებზე მიწის გასხვისება დაუშვებელია, სხვა საკითხებს კი ორგანული კანონი მოაწესრიგებს.