ოთარ დანელია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მესმის, თუმცა ვადების ნაწილში შესაძლებელი იყო, ეს უხერხულობა თავიდან აცილებულიყო
ოთარ დანელია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მესმის, თუმცა ვადების ნაწილში შესაძლებელი იყო, ეს უხერხულობა თავიდან აცილებულიყო

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მესმის, თუმცა, რა თქმა უნდა, ვადების ნაწილში შესაძლებელი იყო, ეს უხერხულობა თავიდან აცილებულიყო, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მესმის, რომ მას პრეცედენტი ჰქონდა და პრეცედენტი გაითვალისწინა. ეს იურისპრუდენციაში ნორმალური პრაქტიკაა და მიღებული ფორმაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვადების ნაწილში შესაძლებელი იყო, ეს უხერხულობა თავიდან აცილებულიყო, მისი როგორც მინიმუმ, მომდევნო პარასკევს მიღების შემთხვევაში“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა რისკები შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ამან თეორიული რისკები შექმნა.

„პრაქტიკაში, რთულად წარმომიდგენია, რამე სერიოზული ტრანზაქცია და რეგისტრაცია მოხდეს, მაგრამ ამან თეორიული რისკები შექმნა – ვნებათაღელვა, საპროტესტო განწყობა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ყველას ძალიან კარგად გვესმის“, – განაცხადა დანელიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ის ჯონდი ბაღათურიას განცხადებას, სადაც ის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობდა, თითქოს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ერთი ჯგუფის დაკვეთა იყო, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, მას ინფორმაცია არ აქვს და რომ ჰქონდეს, რეაგირებას აუცილებლად მოახდენდა.