ოთარ დანელია - მმართველ გუნდში ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება, შესაბამისად, ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს
ოთარ დანელია - მმართველ გუნდში ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება, შესაბამისად, ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებმა ძალიან სამწუხარო ფორმა მიიღო. როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, გუნდში ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება, შესაბამისად, ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და აზრთა სხვადასხვაობა პიროვნულ დაპირისპირებაში არ გადავიდეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება და დაწყნარდება. შესაბამისად, ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს. კოლეგებს მოვუწოდებ, ერთმანეთთან პიროვნული დაპირისპირებისგან თავი მაქსიმალურად შევიკავოთ. ეს არის ყველას გამოწვევა, ვინც ხელმძღვანელ პირად მოიაზრება როგორც პარტიული მიმართულებით, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით.

ამ ყველაფერმა ძალიან სამწუხარო ფორმა მიიღო, თუმცა ამას შევხედოთ, როგორც დემოკრატიულ პროცესს. ეს უფრო ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ის, როცა არავინ არაფერი იცის და ამ ყველაფერს ადგილი საჯარო სივრცეში არ აქვს. მთავარია პიროვნული დაპირისპირება არ იყოს, სხვა ყველაფერი ნორმალურია”, – განაცხადა დანელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხია როგორც პარტიული დისციპლინა, ასევე უმრავლესობის წევრების მიერ ერთმანეთის მიმართ ბოლო
პერიოდში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები.