ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება უნდა გაიზარდოს
ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება უნდა გაიზარდოს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება უნდა გაიზარდოს.

როგორც მან აგრარული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალსწინებულია ზრდა 24 მილიონი ლარის ფარგლებში (298 მილიონამდე) თუმცა, კომიტეტს შენიშვნები აქვს.

„კენკროვან კულტურებზე მოთხოვნილია გარკვეული დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, რომელიც ფინანსთა სამინისტროსგან არ არის დაკმაყოფილებული. ვფიქრობ, ჩვენი შუამდგომლობა აუცილებელია. გვექნება შენიშვნები, რომ გარკვეულწილად დაემატოს დაფინანსება პროგრამებს, როგორიც არის მცირე მარნების განვითარება, კენკროვანი კულტურების განვითარების პროგრამა, ტექნიკის უზრუნველყოფით თანადაფინანსების პროგრამა და ა.შ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენი შეხედულებით, ზრდას მოითხოვს“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება პროგრამებთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციულ რისკებს, დანელიას თქმით, ნებისმიერ პროექტს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, მინიმუმამდე დაჰყავს ყველა კორუფციული რისკი.

„ჩვენ არაერთი საკომიტეტო მოსმენა გვქონდა, სადაც ვისაუბრეთ პროექტებზე, მათ შორის იყო „დანერგე მომავლის“ პროექტიც. გვქონდა გასვლითი სხდომა. ეს მომავალშიც იგეგმება. თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლია, შემოუერთდეს კომიტეტს და გაიგებს, რა ხდება ამ პროექტებთან მიმართებით. ნებისმიერ პროექტს, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, ვფიქრობ, მინიმუმამდე დაჰყავს ყველა კორუფციული რისკი. ეს არის სისტემურად აწყობილი და პიროვნებაზე დაფუძნებული პროგრამა. ყველაფერი არის გამჭვირვალე“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.