ოთარ ჭულუხაძე – ქართველ ხალხს აქვს ღირსება, ჩვენი არსებობის და ღირსების გარდა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი ბრალი რამე არის
მოვლენებს დიდ ისტორიაში რომ შევხედოთ, საბჭოთა საქართველოს ისტორია არის დასავლეთის ვარდისფერი სათვალეების ყურების ისტორია და ბოლო ხუთი წელი არის ამ ვარდისფერი სათვალეების მსხვრევის ისტორია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„ჩვენს ხელისუფლებებში და საზოგადოებაშიც იყო ის განწყობა, რომ საბჭოთა კავშირის მანკიერებების შემდეგ აქეთ იყო რაღაც აპრიორული სიკეთე. ანუ, ჩვენ ვუყურებდით სამყაროს ამ დიქოტომიურ მოდელში, რომ აქ არის სიკეთე და აქ არის ბოროტება, მაგრამ სინამდვილეში სამყარო არის ბევრად კომპლექსური და ამ კომპლექსურობის ნაწილი არის, მათ შორის, ისიც, რომ ევროკავშირის ერთი სისტემა რაღაც ობიექტური კრიტერიუმებით და ასე ფაქტოლოგიურად აფასებს, ამბობს, რომ აი, საქართველო წინ არის და ა.შ., მაგრამ პოლიტიკური, უკვე სუბიექტური ნაწილი ამბობს, რომ საქართველო – ვერა. ცხადია, იმიტომ, რომ საქართველომ გადადგა სუვერენული ნაბიჯები და დაიწყო ევროკავშირის ბიუროკრატიის წინააღმდეგ წასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ დაეცვა საკუთარი ინტერესები“, – განაცხადა ჭულუხაძემ.
მისი თქმით, სრულიად მიუღებელია, როცა ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ გამოდის, მიტინგებზე დგება საქართველოში და ასე შემდეგ.
„თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლების ბრალია ეს დაძაბულობა, კი, ეს დაძაბულობა არის ბრალი იმ აზრით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა, რომლის დაკვეთასაც ასრულებს ხელისუფლება, გაბედა და თქვა, რომ მე უბრალოდ აღარ ვაპირებ, ვიყო ვასალობის მდგომარეობაში. გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია იყო ერთი იდეური კლასტერი და ისინი ორკესტრირებდნენ საქართველოს ომში ჩართვას. ამაზე შეგვიძლია, უამრავი ვიდეო ვნახოთ, მაგალითად, იუთუბზე. „აბა, ომი გინდა?“ – ასეთი სათაური შეგიძლიათ ჩაწეროთ, სადაც არის ყველა მონაწილის, გინდ ქართველის და გინდ უკრაინელის, შესაბამისი განცხადებები, ახლა ხომ არ შევისეირნოთ ცხინვალში, სააკაშვილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ჩვენ შევიდოდით, არესტოვიჩი ამბობდა ამას, ახლა რომ ვითომ გონება გაეხსნა და ასე შემდეგ. ამათი მხარდამჭერი იყო ამერიკის დემოკრატების ადმინისტრაცია და პლუს ევროკავშირი. ცინიკური გეოპოლიტიკური ლოგიკით მე მათი მესმის, რადგან საქართველო მათი გადმოსახედიდან არის პაიკი, რომელიც მათ აუჯანყდა და ახლა ამ ხელს, რომელმაც პაიკი უნდა შესწიროს, ეს პაიკი გაურბის ამ გეოპოლიტიკურ დაფაზე. მათი ლოგიკა გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირი, არ ვართ არც ამერიკა და არც რუსეთი, ჩვენ ვართ პატარა ქვეყნის, ამაყი ქვეყნის შვილები და როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ საბჭოთა კავშირი არ მოგვწონდა, არ მოგვწონდა სწორედ იმის გამო, რომ არ მოგვწონდა ჩარევა. ეს იყო ღირსებაზე ორიენტაცია“, – განაცხადა ჭულუხაძემ.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ჩვენ ვისწავლეთ ძალიან მტკივნეულად, ომებით, ავტორიტარული რეჟიმით და ასე შემდეგ.
„მერე ამ ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედ სააკაშვილს წერენ რეზოლუციაში და ე.წ. შუაშისტ ელექტორატსაც კი აღიზიანებს ევროკავშირი. ვერ ხვდებიან. კარგი, მთავრობამ გააუქმოს ე.წ. ანტილგბტ კანონი, აქ, შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ აი, ადამიანის უფლებები და რაღაც, შეიძლება, ეს ფიქრები შეეპაროს, თუმცა აქაც ევროკავშირი როგორ დრაკონულ ორგანიზაციად იქცა, რომ რაღაც ჩემი კულტურული ღირებულებების გამო მგონია, რომ კაცსა და ქალს შორის და გენდერული ურთიერთობები უნდა მოაწესრიგო ასეთნაირად. არ ვამბობ, რომ ვიღაცები ცუდები არიან და არავის დემონიზებას არ ვახდენ, ჩემი კულტურული ნორმების გამო ასე მინდა, გამეშვი და მითხარი, რომ კარგი, ასე მოაწესრიგე და ვითანამშრომლოთ კაბელებზე, ვითანამშრომლოთ გეოპოლიტიკაზე, მაგრამ არა; პრაგმატული იქნებოდა, კარგი, მივუშვათ ეს ხალხი, როგორც უნდათ, ქნან, მაგრამ არა, მათ აქვთ ეს იდეოლოგიური ფანატიზმი, მემარცხენე ლიბერალური ფანატიზმი და პლუს, აი, ეს, რომ, რაღაცნაირად, ისინი ვერ ეგუებიან ამ პაიკის ხელიდან წასვლას“, – განაცხადა ჭულუხაძემ.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს აქვს ღირსება და ჩვენი არსებობის და ღირსების გარდა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი ბრალი რამე არის.
„ქართველ ხალხს აქვს ღირსება და ამისთვის ალბათ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ევროკავშირსაც, რუსეთსაც, კიდევ, ამერიკასაც და კიდევ სხვა ყველას, როგორც ჩანს. ჩვენი არსებობის და ღირსების გარდა, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი ბრალი რამე არის რამენაირად“, – განაცხადა ჭულუხაძემ.