ოსლოში კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება
ოსლოში კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება

ნორვეგიის დედაქალაქში კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება. ოსლოში შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება ვირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამის შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ოსლოს მერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, ვირუსის ბრიტანული ვარიანტის გავრცელება ოსლოში იანვარში დაიწყო და დედაქალაქში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების დაახლოებით 50-70%-ს შეადგენს.

„ჩვენ შეზღუდვები უნდა გავამკაცროთ“, – განაცხადა ოსლოს მერმა, რაიმონდ იოჰანსენმა.

ოსლოში სამშაბათიდან ყველა რესტორანი, არაპირველადი საჭიროების მაღაზია (სასურსათო, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა) დაიხურება.

იოჰანსენის თქმით, შეკრებები ღია სივრცეში, კერძო შეკრებები და სახლში სტუმრობები თავიდან უნდა იქნას აცილებული. ქალაქის სკოლებში მარტის ბოლოდან ვირუსის გამოსავლენად მასობრივი ტესტირების დაწყება იგეგმება. დედაქალაქში იანვრიდან დახურულია სავაჭრო ცენტრები.

25 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრილ ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით 320 ათასს შეადგენს, 150 ათასამდე ადამიანმა კი ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

დატოვე კომენტარი