ოსლოში აშშ-ის საელჩოს დაცვის თანამშრომელი რუსეთისა და ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
ოსლოში აშშ-ის საელჩოს დაცვის თანამშრომელი რუსეთისა და ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ოსლოში აშშ-ის საელჩოს დაცვის თანამშრომელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ნორვეგიის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოში მომუშავე დაცვის თანამშრომელი რუსეთისა და ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული. პოლიციის ინფორმაციით, ნორვეგიის მოქალაქე, 20 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებული პირი საწყის ეტაპზე ოთხი კვირის განმავლობაში პატიმრობაში დარჩება, საიდანაც პირველ კვირას იზოლაციაში გაატარებს, ვიდრე პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. პოლიციის სამსახურის იურისტმა, თომას ბლომმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაკავებული თანამშრომლობს და ესაუბრება გამომძიებლებს. მისივე თქმით, ბრალდებულის სახლიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ციფრული მასალა. „ჩვენ ვაგრძელებთ მასალის დამუშავებას“, – აღნიშნა ბლომმა.

დაკავებულის ადვოკატის, იონ კრისტიან ელდენის განცხადებით, მისი კლიენტი კონტაქტში იყო რუსეთისა და ირანის დაზვერვის ოფიცრებთან.

„მან აღიარა, რომ კონტაქტები ჰქონდა რუსეთისა და ირანის დაზვერვის აგენტებთან, თუმცა გაურკვეველია, ჰქონდა თუ არა მას წვდომა ისეთ საიდუმლო ინფორმაციაზე, რის გამოც შეიძლება, ბრალი წაუყენონ“, – განუცხადა ელდენმა „როიტერს“.