„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში - წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოჩნდნენ
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში - წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოჩნდნენ

ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი „ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს. ღონისძიების დაწყებამდე, მსახიობებს, რეჟისორებსა და მსოფლიო კინოს სხვა ვარსკვლავებს 152 მეტრი სიგრძის წითელ ხალიჩაზე უწევთ გავლა.

წითელ ხალიჩაზე უკვე გამოჩნდა ამანდა სეიფრიდი „არმანის“ წითელი კაბით, ასევე ფილმის „ახალგაზრდა იმედისმომცემი ქალი“ ვარსკვლავი კერი მალიგანი, რომელმაც უპირატესობა „ვალენტინოს“ მოდის სახლს მიანიჭა. „ვალენტინო“ მოირგო ახალგაზრდა ვარსკვლავმა ზენდაიამაც.

რიზ უიზერსპუნმა კი საზეიმო ღონისძიებისთვის „დიორის“ მოდის სახლის კაბა შეარჩია.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში რვა ფილმია წარდგენილი, მათ შორის, დევიდ ფინჩერის ახალი ნამუშევარი „მანკი“, ასევე ემირალდ ფენელის „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“; თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული პროდიუსერის, აარონს სორკინის „ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“ და ქლოა ჩჟაოს „მომთაბარეთა მიწა“. აღსანიშნავია, რომ ფილმმა „მომთაბარეთა მიწა“ უკვე დაიმსახურა „ოქროს გლობუსი“ და „ბაფტა“.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში წარდგენილები არიან: რიზ აჰმედი, ენტონი ჰოპკინსი, გარი ოლდმენი, სტივენ იუნი და ჩედვიკ ბოუსმენი. სწორედ ამ უკანასკნელს უწინასწარმეტყველებენ „ოსკარს“ კინოკრიტიკოსები. ამერიკელი პროდიუსერი და მსახიობი ჩედვიკ ბოუსმენი გასულ წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულისთვის კი იბრძოლებენ: ვაიოლა დევისი, ანდრა დეი, ვანესა კირბი, ფრენსის მაკდორმანდი და კერი მალიგანი. „ოსკარს“ უწინასწარმეტყველებენ „პიქსარის“ ახალ ნამუშევარ „სულსაც“, საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის კი კრისტოფერ ნოლანის „ტენეტს“.

საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის იბრძოლებენ: თომას ვინტერბერგი, დევიდ ფინჩერი, ქლოა ჩჟაო და ემერალდ ფენელი.