„ოსკარი 2022“-ის გამარჯვებულები - საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ჯილდო CODA-ს გადაეცა
ამერიკის კინოაკადემიის რიგით 94-ე ცერემონიის გამარჯვებულები ცნობილია. „ოსკარის“ ჯილდო სხვადასხვა კატეგორიის 23 ნომინაციაში გაიცა.
ათ კინოსურათს შორის, საუკეთესო ფილმის ტიტული რეჟისორ სიან ჰედერის სრულმეტრაჟიანმა კინოსურათმა CODA-მ მოიპოვა. ფილმმა „ოსკარი“, ასევე საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში მიიღო.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შემსრულებლად უილ სმიტი ფილმისთვის King Richard დასახელდა, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული ჯესიკა ჩესტეინმა ფილმში The Eyes of Tammy Faye მონაწილეობისათვის მიიღო.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის როლი ტროი კაცორმა ფილმში CODA მოიპოვა, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ტიტული არიანა დებოუსს ერგო მიუზიკლისთვის West Side Story.
საუკეთესო რეჟისორის ტიტული ჯეინ კემპიონმა, ფილმისთვის The Power of the Dog მოიპოვა. საუკეთესო ანიმაციურ ფილმად კი Encanto დასახელდა.
რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის, საუკეთესო მხატვრობა, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო ვიზუალური ეფექტები გამარჯვება რეჟისორ დენის ვილნევის მძარფსიუჟეტიან დრამას Dune-ს ერგო. საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაში გამარჯვება Belfast-მა მოიპოვა.
საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში კი გამარჯვება იაპონელი რეჟისორის რიუსუკე ჰამაგუჩის კინოსურათმა Drive My Car მოიპოვა.
„ოსკარის“ დაჯილდოების 94-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა.