ოსიმენსა და რუდი გარსიას შორის კონფლიქტი მოხდა - „ნაპოლის“ ფორვარდმა შეცვლა გააპროტესტა #1TVSPORT
ოსიმენსა და რუდი გარსიას შორის კონფლიქტი მოხდა - „ნაპოლის“ ფორვარდმა შეცვლა გააპროტესტა #1TVSPORT

„ნაპოლის“ ფორვარდს, ვიქტორ ოსიმენს მთავარ მწვრთნელთან, რუდი გარსიასთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა „ბოლონიასთან“ მატჩში შეცვლის გამო.

სერია A-ს მეხუთე ტურში „ნაპოლიმ“ 0:0 ითამაშა „ბოლონიის“ წინააღმდეგ. 73-ე წუთზე ოსიმენმა პენალტი ვერ გაიტანა, 86-ე წუთზე კი მის ნაცვლად მოედანზე ჯოვანი სიმეონე შევიდა.

როგორც გამოცემა Football Italia წერს, ნიგერიელი ფორვარდი მინდვრის დატოვებისას გაღიზიანებული ჩანდა. მან წაიკამათა რუდი გარსიასთან და ჰკითხა მას, რატომ არ გადავიდა ორი ფორვარდის ტაქტიკაზე. ოსიმენის აზრით, ეს „ნაპოლის“ თამაშს მოაგებინებდა.

გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებიც უკმაყოფილონი დარჩნენ მატჩის ბოლოს განხორციელებული შეცვლების გამო.

მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ განაცხადა, რომ განიხილა ოსიმენთან შექმნილი სიტუაცია.

„ფეხბურთის ისტორიაში დიად მოთამაშეებსაც კი გაუფუჭებიათ პენალტები. რაც შეეხება შეცვლას – ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე, მაგრამ ის, რასაც ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნები, გასახდელში რჩება“, – განაცხადა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა.