ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან აქცია იმართება
ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან აქცია იმართება

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია „არა მილიციას“ მიმდინარეობს.

აქცია პარტია „დროას“ წევრებისა და „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურში მომხდარი ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ. მათი თქმით,​ მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა და სისტემაში არსებულ პრობლემაზე მიუთითებს.

აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა ნატა ფერაძე, რომელიც, გაფრთხილების მიუხედავად, უწყების შენობის წინ სტიკერებს აკრავდა.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.

თბილისში, ისნის მეტროსადგურში პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში, რომელიც მოქალაქემ გადაიღო და მედიასაშუალებებს მიაწოდა, ჩანს, რომ სამართალდამცველებს ბიჭი მეტროს ქვედა ტერიტორიიდან ესკალატორით ზემოთ ამოჰყავთ, რა დროსაც მათ თანმხლები პირი უხსნის, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონეა, არ ესმის, არც საუბარი შეუძლია და მათ კითხვებს ვერ უპასუხებს. ამის მიუხედევად, როგორც კადრებიდან ჩანს, მოქალაქე სამართალდამცველებს სავარაუდოდ მანდატურის ოთახში გადაჰყავთ, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად უსწორდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შსს პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ.