ორსულებისთვის დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო აცრები იწყება
ორსულებისთვის დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო აცრები იწყება

ორსულებისთვის დღეიდან თბილისსა და დიდ ქალაქებში გრიპის საწინააღმდეგო აცრები იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან ვაქცინა რეგიონებშიც განაწილდება. გრიპზე აცრა ორსულებისთვის უფასოა.

„ორსულებისთვის ვაქცინა უკვე შემოტანილია. დღეიდან თბილისსა და დიდ ქალაქებში ყველგან არის, ხვალ კი, ყველა რაიონულ ცენტრში იქნება განაწილებული. ორსულის გრიპზე აცრა სასურველი და რეკომენდებულია, წითელაზე ორსულის აცრა კი, არ შეიძლება“, – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება წითელას ვირუსს, მისი ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში რეგისტრირებულია წითელას 580 შემთხვევა.

„ყველაზე მეტი შემთხვევა არის თბილისში, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში. აცრების კამპანია აქტიურად დაიწყო და არასრული მონაცემებით ბოლო სამი დღის განმავლობაში 12 000-მდე ადამიანი აიცრა. ამ მხრივ, ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება გვაქვს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ.

პაატა იმნაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გრიპის ვირუსი მკვეთრად არის შემცირებული, თუმცა რისკი არსებობს.