ორსულებისთვის დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო აცრა საქართველოს რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი
ორსულებისთვის დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო აცრა საქართველოს რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი

იმედი გვაქვს, ორსულები, რომლებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ გრიპის დაავადების შემთხვევაში, გამოიყენებენ შესაძლებლობას და აიცრებიან,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა.

თბილისსა და დიდ ქალაქებში ორსულების აცრა გუშინ დაიწყო, დღეიდან კი უკვე რეგიონებში, 12:00 საათიდან აცრის გაკეთება შესაძლებელი იქნება.

გრიპის საწინააღმდეგო აცრა ორსულებისთვის უფასოა. ვაქცინა უკვე ყველა რაიონულ ცენტრშია დარიგებული.

რაც შეეხება წითელას, პაატა იმნაძის თქმით, შემთხვევები მატულობს, თუმცა ამავდროულად მატულობს იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც წითელას საწინააღმდეგოდ იცრებიან.

„ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წითელას მალე შევაჩერებთ, თუ მოქალაქეები მალე აიცრებიან,”-აღნიშნა პაატა იმნაძემ.