ორლეანში გამართულ ყრილობაზე ჯორდან ბარდელა „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს, ყრილობის პარალელურად ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
საფრანგეთის ქალაქ ორლეანში, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ყრილობა გაიმართა, რომლის პარალელურადაც პარტიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორლეანში გამართულ ყრილობაზე ჯორდან ბარდელა საფრანგეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს. ბარდელამ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, ხმების 98.98% მიიღო.
ყრილობის პარალელურად ქალაქში ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომელიც საფრანგეთის მემარცხენე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა.
„იმისთვის, რომ მარინ ლე პენი ელისეს სასახლეში მივიყვანო, თქვენი მხარდაჭერა დამჭირდება“, – აღნიშნა ჯორდან ბარდელამ.
ბარდელა ევროპარლამენტის წევრია და 1972 წელს დაარსებულ პარტია „ეროვნულ გაერთიანებას“ 2022 წლიდან ხელმძღვანელობს.
კვირას ის სიტყვით გამოვა ორლეანის საკონცერტო დარბაზ Zénith d’Orléans-ში, რის შემდეგაც დამსწრეებს სიტყვით საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი მიმართავს.