ორხევში მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ორხევში მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორხევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ლერი ლომაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული წაყენებულ ბრალს, განზრახ მკვლელობას არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ბრალდებულს არ ჰქონია მკვლელობის განზრახვა. ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალდების მხარის პოზიციას. სამწუხაროდ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცხადია გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. რაც შეეხება, მიმალვის საფრთხეს, არსებობს სხვა სახის ღონისძიებები როგორიცაა პასპორტის ჩამორთმევა, რის შემდეგაც ის საზღვარს ვერ გადაკვეთდა. ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან და მან თავად აღიარა ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ.

პროკურორ მიხეილ ჩხეიძის თქმით, როდესაც ბრალდებული პოლიციაში გამოცხადდა, მან აღიარა, რომ ჩაიდინა ქმედება. „ბრალდებულისთვის კარგად იყო ცნობილი, როდესაც გამოცხადდა პოლიციაში, რომ ეს პიროვნება მოკლული იყო“, – განაცხადა პროკურორმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ლერი ლომაშვილმა შემთხვევის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, მკვლელობის მიზანი არ ქონია და მან შეშინების მიზნით იარაღიდან ფეხში ესროლა.