ორი წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ძიძას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ორი წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ძიძას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის სისტემატურად ცემის ფაქტზე ლ.ლ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც ორი სხვა ძიძასთან ერთად ხუთ მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა.

„ლ.ლ სისტემურად ძალადობდა ორი წლის მცირეწლოვან ბავშვზე. სამართალდამცველებმა ლ.ლ. 2020 წლის 22 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ლ.ლ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.