ორი წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში ძიძა დააკავეს
ორი წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში ძიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც ორ სხვა ძიძასთან ერთად, ხუთ მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა – შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.