ორი წლის ბავშვი, რომელსაც გულმკერდის არეში ჭრილობა აღენიშნება, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს
ორი წლის ბავშვი, რომელსაც გულმკერდის არეში ჭრილობა აღენიშნება, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

ორი წლის ბავშვი, რომელსაც გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა აღენიშნება, მარნეულის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მარნეულის საავადმყოფოს ექიმის, სულეიმან კარსკოვის განმარტებით, ბავშვი საავადმყოფოში დედამ მიიყვანა.

„ბავშვი დედამ შემოიყვანა. მისივე განმარტებით, ბავშვი თამაშობდა და მიიღო თვითდაზიანება მაკრატლით. ჭრილობა აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა არეში. გაეწია შესაბამისი კონსულტაცია და გადაყვანილ იქნა იაშვილის კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური“, – აცხადებს ექიმი სულეიმან კარსკოვი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამ ორი წლის მოზარდს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ბავშვმა მიიღო თვითდაზიანება მაკრატლით.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.