ორი ტრანსგენდერის შეურაცხყოფის ფაქტზე სამი პირი დააკავეს და ერთს ეძებენ
ორი ტრანსგენდერის შეურაცხყოფის ფაქტზე სამი პირი დააკავეს და ერთს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ., 1994 წელს დაბადებული ბ.მ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ბ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი მათგანი დააკავეს, მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, ორივე დაზარალებულს შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ასევე, ტარდება სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს, რათა გამოძიება მოკლე ვადებში, ყოველმხრივ და ობიექტურად წარიმართოს“, – აცხადებს შს სამინისტრო.