ორი „დინამოს“ შეხვედრა თემურ ქეცბაიას გუნდმა მოიგო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ და მეორე ტაიმში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე თამაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა მოიგო – 2:1.
ანგარიში მე-7 წუთზე ბათუმელებმა ალბანელი ლეგიონერის, უერდი მარას გოლით გახსნეს. ქეცბაიას გუნდმა მეორე ტაიმი კარგად ჩაატარა და ფრანგი ახალწვეულის, მაქსიმ ტეიშეირას სადებიუტო გოლით (75 წუთზე) წონასწორობა აღადგინა, ხოლო ნიკა ნინუამ პენალტით (87) თბილისელებს გამარჯვება მოუტანა.
„დინამო თბილისი“ 19 ტურის შემდეგ 31 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ (31) სეზონის განახლებამდე მე-5 პოზიციაზე დარჩა.
მე-19 ტურში ერთი შეხვედრაა დარჩენილი – 24 ივლისს „გაგრა“ 20:00 საათზე „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს. ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში აგვისტომდე შესვენება გამოცხადდება.