ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა

საერთაშოროსო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა. კვლევის მიხედვით, საქართველო 61-ე პოზიციაზეა, შარშანდელ რეიტინგში კი 64-ე ადგილი ეკავა.

კვლევის ავტორთა თქმით, საქართველოში პრესა პლურალისტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი არ არის.

„ბოლო წლების რეფორმებს მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური მაუწყებლობის კუთხით გაუმჯობესება მოჰყვა“, – წერია დასკვნაში.

თუმცა, კვლევის ავტორთა თქმით, საქართველოში მედია ჯერ კიდევ პოლარიზებულია და მფლობელები მაინც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში.

„მთავარი ოპოზიციური არხის „რუსთავი 2-ის“ მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შედეგს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე​“ კვლევაში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ნაკლებად ხდება, თუმცა მუქარის შემთხვევები მაინც ფიქსირდება. ავტორები ყურადღებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ამახვილებენ.

„საქართველო ტრადიციულად წარმოადგენდა თავშესაფარს დისიდენტებსითვის მეზობელი ქვეყნებიდან. ამიტომ 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებამ, სხვა ქვეყნებში გახიზნულ პირების საზოგადოებაში, დიდი რეზონანსი მოჰყვა. ის გაურკვეველ გარემოებებში აღმოჩნდა აზერბაიჯანში, პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას შეთითხნილი ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის გამო, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა საქართველოს გამოძიებამ მუხთარლის გატაცებაზე გონივრული ახსნა-განმარტების გაკეთება ამ დრომდე ვერ შეძლო“, – ნათქვამია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე​“​ პრესის თავისუფლების 2018 წლის ინდექსში აზერბაიჯანი 163-ე, სომხეთი 80-ე, რუსეთი-148-ე, თურქეთი – 157-ე, ხოლო უკრაინა 101-ე ადგილზე მოხვდა.