ორგანიზაცია „საფარმა“ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ გენდერული ნიშნით ჩადენილი დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტის თაობაზე გენერალურ ინსპექციას მიმართა
ორგანიზაცია „საფარმა“ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ გენდერული ნიშნით ჩადენილი დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტის თაობაზე გენერალურ ინსპექციას მიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ორგანიზაცია „საფარში” განცხადება გაკეთდა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული საქმეს სამი ფიგურანტი ჰყავს და სამივე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია. „საფარის“ განცხადებითვე, მათ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მტკიცებულებების სახით წარუდგინეს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელზეც ორ კვირაზე მეტია, ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, თუმცა შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მათივე ცნობით, „საფარის” მიმართვის საფუძველზე საქმეზე მონიტორინგს სახალხო დამცველი აწარმოებს.

„ჩვენ ახალგაზრდა ქალმა მოგვმართა 23 აგვისტოს და გვაცნობა სექსუალური შევიწროების შესახებ. წარადგინა ასევე მტკიცებულებები. მეორე დღესვე ჩვენ მივმართეთ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. თავიდან გენერალური ინსპექცია იყო პრინციპში მტრულად განწყობილი ამ ქალის და ჩვენი ადვოკატის მიმართ და მას შემდეგ, რაც შეიტყვეს რომ „საფარი” წარმოადგენდა ამ ქალს დამოკიდებულება შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გავიდა ამდენი ხანი, ორ კვირაზე მეტია, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია უწყებას. ჩვენ არ ვიცით, რა სამუშაოები მიმდინარეობს რეალურად, თუმცა ფაქტია, ამ ქალს კვლავ უწევს იმ უფროსთან მუშაობა, რომელსაც ბრალს სდებს სექსუალურ შევიწროებაში. არის უკიდურესად შეშინებული, ცდილობს, გამოიყენოს ყველა შვებულების დღე, რათა არ მოუწიოს სამსახურში გასვლა იმავე მდგომარეობაში, რადგან არაფერია შეცვლილი. ჩვენ მივმართავთ თავდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რომ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და მიიღონ დროებითი ზომები მაინც, ვიდრე გამოიტანენ გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო გარემო. მსგავსი ტიპის მოპყრობას სხვა ქალებიც ადასტურებენ იმავე უწყებაში, იმავე პირის მიმართ და ამას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი ან მხოლოდ ერთი პირის მიმართ განხორციელებული ქმედება არ ყოფილა. საკმაოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს ამ მხრივ საქმე. სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ჩვენ შევხვდით, არ აქვთ არც ცოდნა სექსუალური შევიწროების დარღვევის შესახებ, ან როგორ უნდა მოხდეს ამ ფაქტების დადგენა და გამოძიება და რაც მთავარია, მათ არ აქვთ გენდერული სენსიტიურობა და ვერ ხვდებიან პრობლემის არსს“, – განაცხადა „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ.