ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” - 2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 50 ჟურნალისტი მოკლეს
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” - 2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 50 ჟურნალისტი მოკლეს

2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 50 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, იზრდება ჟურნალისტების მკვლელობების რიცხვი მშვიდობიან ქვეყნებში. მაგალითისთვის, თუ 2016 წელს ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევების 58% ომით მოცულ ქვეყნებსა და კონფლიქტის ზონებზე მოდიოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 32%-მდეა შემცირებული.

ამგვარად, გასული წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენლების გარდაცვალების შემთხვევების 68 % მშვიდობიან ქვეყნებში აღირიცხა. ყველაზე მეტი ჟურნალისტი 2020 წელს მექსიკაში მოკლეს, ამ ქვეყანაში გასული ერთი წლის განმავლობაში რვა რეპორტიორი გარდაიცვალა, ოთხი – ინდოეთში, სამი – ფილიპინებში და სამი ჰონდურასში.

შედარებისთვის, 2019 წელს მსოფლიოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 53 ჟურნალისტი, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის გამო 2020 წელს ჟურნალისტების გადაადგილება შეზღუდული იყო.