ორგანიზაცია „ხელი ხელს“ თბილისში თათარაობასა და ჩურჩხელების ფესტივალს პირველ დეკემბერს გამართავს
პირველ დეკემბერს ორგანიზაცია „ხელი ხელს“ თბილისში თათარაობასა და ჩურჩხელების ფესტივალს გამართავს. ღონისძიება რესტორან „ეზოში“ ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, თათარაობის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ექნებათ, თავად მიიღონ მონაწილეობა კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ჩურჩხელების ამოვლებაში. მოეწყობა ჩურჩხელების გამოფენა-გაყიდვაც. ამავე ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩურჩხელების საახალწლო მარაგი შეუკვეთონ.
თათარაობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება „ხელი ხელს“ ბენეფიციარების მიერ შექმნილი საახალწლო სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და სამკაულები. შეგროვილი თანხა შშმ პირებისთვის ახალი საოჯახო ტიპის სახლის გახსნას მოხმარდება.
„ორგანიზაციამ “ხელი ხელს“ თბილისში უკვე ორი და გურჯაანში სამი საოჯახო ტიპის სახლი გახსნა, რომლებიც წლებია წარმატებით მუშაობს. ჩვენი ბენეფიციარები დიდი ზომის ინსტიტუციების ნაცვლად საოჯახო გარემოში ცხოვრობენ, მაქსიმალურად დამოუკიდებელ ცხოვრებას ეჩვევიან, არიან რეალიზებულები და უყვართ შრომა. სწორედ მათი თანამონაწილეობით დამზადებული პროდუქცია, სუვენირები და საახალწლო აქსესუარები გვექნება გამოფენაზე. თათარაობაზე ვეპატიჟებით ყველას, ვისაც აინტერესებს როგორ მზადდება ნამდვილი კახური ჩურჩხელა და ვისაც სურვილი ექნება, თავადაც შეძლებს ჩურჩხელის ამოვლებას ადგილზე. სულ მალე, რამდენიმე კვირაში, კიდევ ერთი ახალი, უკვე მეექვსე სახლი შეგვემატება და კიდევ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა დამოუკიდებელ გარემოში იცხოვროს. სწორედ ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მხარი დაგვიჭიროს და ღონისძიებაზე მოსული სტუმრები, სასიამოვნო შენაძენთან ერთად, ჩვენს დიდ საქმეში თანამონაწილეობასაც მიიღებენ“,- განაცხადა „ხელი ხელს“ თბილისის საცხოვრისების სერვისმენეჯერმა, იზა ლალიაშვილმა.
თათარაობა და ჩურჩხელების ფესტივალი რესტორან „ეზოში“ პირველ დეკემბერს 15:00 საათიდან დაიწყება. სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელი ხელს“ 2011 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. ორგანიზაცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას საოჯახო საცხოვრისის სერვისით, მათ გაძლიერებას და დამოუკიდებლობის ხელშეწყობას.