ორგანიზაცია Gallup-ის კვლევის მიხედვით, უკრაინელთა 66% მიიჩნევს, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად, მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს

17:39, 03.07.2026

უკრაინელთა უმრავლესობა, ომის გაგრძელების ნაცვლად, მოლაპარაკებების გზით მის შეწყვეტას ემხრობა, – ამის შესახებ ორგანიზაცია Gallup-ის კვლევაშია ასახული.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულ უკრაინელთა 24% ფიქრობს, რომ უკრაინამ გამარჯვებამდე უნდა განაგრძოს ბრძოლა, ხოლო 66%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე უნდა ეცადოს, ომი მოლაპარაკებების გზით შეწყვიტოს.

გამოკითხვის თანახმად, ეს მაჩვენებლები დაახლოებით 2025 წლის მონაცემების იდენტურია და წარმოადგენს თითქმის სრულად საპირისპირო სურათს 2022 წლის მდგომარეობასთან შედარებით – კონფლიქტის დაწყების პირველ თვეებში გამოკითხულთა 73% ბრძოლის გაგრძელებას უჭერდა მხარს, ხოლო 22% სწრაფ მოლაპარაკებებს ემხრობოდა.

კვლევა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მაღალია მოლაპარაკებების მხარდაჭერა უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც გამოკითხულთა 63% ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას უჭერს მხარს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, უკრაინელთა უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს პერსპექტივას, რომ საბრძოლო მოქმედებები უახლოეს მომავალში დასრულდება. გამოკითხულთა 5%-ს მიაჩნია, რომ ეს „ძალიან სავარაუდოა“, 18% ფიქრობს, რომ „გარკვეულწილად სავარაუდოა“, მაშინ როცა 36% თვლის, რომ ეს „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, 34% კი ფიქრობს, რომ „გარკვეულწილად ნაკლებად სავარაუდოა“.

Gallup-ის კვლევის თანახმად, უკრაინელთა შორის აშშ-ის ხელმძღვანელობის მიმართ ნდობა კვლავ მცირდება. გამოკითხულთა მხოლოდ 7% აფასებს დადებითად აშშ-ის ხელმძღვანელობას, ხოლო 79% – უარყოფითად. ეს მაჩვენებელი 2025 წელთან შედარებით 9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022 წელთან შედარებით უკრაინაში აშშ-ის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 59 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მათი შეფასებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, აშშ-ის მიმართ დამოკიდებულების ასეთი მკვეთრი ვარდნა არცერთ სხვა ქვეყანაში არცერთ ხუთწლიან პერიოდში არ დაფიქსირებულა.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ, უკრაინელთა 30%-ის აზრით, ქვეყანა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ნატო-ს წევრი გახდება. ეს მაჩვენებელი გასული წლის მონაცემს (32%) თითქმის ემთხვევა. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%) ფიქრობს, რომ უკრაინა მომდევნო ათწლეულში ევროკავშირის წევრი გახდება.

მსგავსი