ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ - მსოფლიოში, შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში 415 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ - მსოფლიოში, შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში 415 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს

მსოფლიოში, შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში 415 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს. ეს რიცხვი ორჯერ მეტია, ვიდრე 25 წლის წინ. ასეთი მონაცემები წარმოადგინა ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save The Children) ანგარიშში „ომი ბავშვების წინააღმდეგ“.

დოკუმენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა. ანგარიში 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არასრულწლოვნები სულ უფრო ხშირად ხდებიან გატაცებებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, მსოფლიოში ყოველი მეექვსე ბავშვი სამხედრო კონფლიქტების ზონაში იზრდება. 2005 წლიდან საომარი მოქმედებებისას მოკლული და დაშავებული ბავშვების რიცხვი 95 ათასს აღწევს. ამას გარდა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ათობით ათასი გოგონა და ბიჭი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ გატაცებულები არიან მათზე სექსუალური ძალადობისა ან მათი საომარ მოქმედებებში ჩართვის მიზნით.

ამასთან, 2018 წელს საომარი მოქმედებებისას გარდაიცვალა ან დაშავდა სულ მცირე 12 125 ბავშვი, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტების დროს სულ უფრო ხშირია საავადმყოფოებსა და სკოლებზე თავდასხმა, რის გამოც მილიონობით ბავშვს არ აქვს წვდომა განათლებასა და სამედიცინო დახმარებაზე.

„გასაოცარია, თუ როგორ ადევნებს მსოფლიო მშვიდად თვალს იმას, როგორ ხდებიან ბავშვები სამიზნეები და ამაზე პასუხს არავინ აგებს“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სიუზანა კრიუგერმა.

უფლებადამცველები ბავშვებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად ავღანეთს, კონგოს, ერაყს, იემენს, მალის, ნიგერიას, სომალის, სამხრეთ სუდანს, სირიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ასახელებენ.

დატოვე კომენტარი