ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა, სასახლის პირველი სტუმრები მოსწავლეები და ბავშვთა სახლის აღსაზრდელები იყვნენ [ფოტო]
ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა, სასახლის პირველი სტუმრები მოსწავლეები და ბავშვთა სახლის აღსაზრდელები იყვნენ [ფოტო]

ორბელიანების სასახლე დღეიდან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებსაც რეაბილიტირებული სასახლის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ.

გახსნილი ორბელიანების სასახლის პირველი სტუმრები დღეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები და ბავშვთა სახლის აღსაზრდელები იყვნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესვე ორბელიანების სასახლეს ესტუმრებიან სტუდენტური პარლამენტისა და ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში მიმდინარე კვირის განმავლობაში დაგეგმილია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, უცხოეთში საქართველოს ელჩების, წარმატებული ქალების, 2019 წლის მედალოსანი სპორტსმენების, საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების, ქუთაისისა და წყალტუბოს მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისა და პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირა“ ბენეფიციარი ახალგაზრდა მუსიკოსების მიღება.

„ორბელიანების სასახლე, თავისი დღევანდელი შინაარსით, ასახავს საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას, ქვეყნის ისტორიასა და საქართველოს კულტურის უმთავრეს პერიოდს საქართველოს კულტურის ისტორიაში, რასაც როგორც ეროვნული, ასევე ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დატოვე კომენტარი