ორ ქართველ მეზღვაურს, რომლებმაც ლიბია გუშინ დატოვეს, საქართველოში რამდენიმე საათში ელოდებიან
ორ ქართველ მეზღვაურს, რომლებმაც ლიბია გუშინ დატოვეს, საქართველოში რამდენიმე საათში ელოდებიან

ქართველი მეზღვაურები, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, რომლებმაც ლიბია გუშინ დატოვეს, უკვე ტრაპზონში იმყოფებიან და რამდენიმე საათში სარფის გავლით სამშობლოში დაბრუნდებიან.

„ავტობუსით მოვდივართ, ნახევარ საათში გამოვალთ ტრაპზონიდან. ტრანსპორტი რამდენიმე ქალაქში ჩერდება, სავარაუდოდ ოთხ საათში უკვე ვიქნებით სარფში“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას მანუჩარ კეკელიძემ.

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გამო, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ქვეყანაში გაუსვლელობის პირობით გააჩერეს.

მეზღვაურთა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელიც გათავისუფლების პროცესში იყო ჩართული.

გამოძიება ლიბიაში ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ „დოგან ბეიზე“ (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.