„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები - ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად რენე ზელვეგერი დასახელდა, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად - ხოაკინ ფენიქსი [ფოტო]
„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები - ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად რენე ზელვეგერი დასახელდა, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად - ხოაკინ ფენიქსი [ფოტო]

2020 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია.

დრამის ჟანრის საუკეთესო ფილმად სემ მენდესის სამხედრო-ისტორული კინოსურათი „1917“ აღიარეს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ორი ბრიტანელი ჯარისკაცის ისტორიას ეხება. ამავე ფილმმა „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაშიც მიიღო.

საუკეთესო მინისერიალიეიჩ-ბი-ოუს“ (HBO) მიერ გადაღებული „ჩერნობილი“, ხოლო უცხოურენოვანი ფილმი სამხრეთკორეელ რეჟისორ პონ ჯუნ-ხოს „პარაზიტები“ გახდა.

„პარაზიტები“ თანამედროვე საზოგადოებაში კლასობრივი უთანასწორობის თემაზე გადაღებულ სატირულ კინოსურათს წარმოადგენს. შარშან ამავე ფილმმა კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.

წლის საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ხოაკინ ფენიქსმა გაიმარჯვა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ტოდ ფილიპსის ფილმში „ჯოკერი“.

საუკეთესო ქალ მსახიობად კი რენე ზელვეგერი აღიარეს, რომელმაც ჯუდი გარლენდის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში ითამაშა.

კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ ხუთ ნომინაციაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ სამი ჯილდო მიიღო – ტარანტინოს ნამუშევარი მიუზიკლისა და კომედიის ჟანრში გადაღებულ წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა და საუკეთესო სცენარის კატეგორიაშიც გაიმარჯვა. ბრედ პიტმა, ამავე კინოსურათში შესრულებული როლისთვის „ოქროს გლობუსი“ მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო.

კომედიასა ან მიუზიკლში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოვეს ტერონ ეგენტონი, რომელმაც ელტონ ჯონი განასახიერა ფილმში „როკეტმენი“.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელ ქალად ლორა დერნი აღიარეს, რომელმაც ნოა ბაუმბახის ფილმში „ქორწინების ისტორია“ ითამაშა.

კომედიის ან მიუზიკლის ჟანრში გადაღებულ ფილმში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის აკვაფინა დააჯილდოვეს. ის პირველი ამერიკელი აზიელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო დაიმსახურა.

წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად ჟიურიმ „ეიჩ-ბი-ოუს“ „მემკვიდრეები“ დაასახელა. ამავე სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოვეს ბრაიან კოქსი.

დრამის ჟანრში გადაღებულ სერიალში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს გლობუსი“ ოლივია კოლმანს გადასცეს, მან მთავარი როლი შეასრულა სერიალში „გვირგვინი“ . კომედიური ან მიუზიკლის ჟანრის საუკეთესო სერიალი კი „ფლიბეგი“ გახდა. ამ სერიალის სცენარის ავტორი ბრიტანელი ფიბი უოლერ-ბრიჯია, რომელიც ამავე სერიალში შესრულებული როლისთვის დააჯილდოვეს.

საუკეთესო კინომუსიკისთვის „ოქროს გლობუსი“ „ჯოკერს“ ერგო, ხოლო საუკეთესო სიმღერად ელტონ ჯონის ბიოგრაფიულ ფილმში შესრულებული „კვლავ შემიყვარე“ დასახელდა.

საუკეთესო მინისერიალის ან სატელევიზიო ფილმის კატეგორიაში „ეიჩ-ბი-ოუს“ „ჩერნობილმა“ „ოქროს გლობუსი“ მიიღო. ამავე ფილმში მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის სტელან სკარსგარდი დააჯილდოვეს, რომელიც ფილმ „ჩერნობილში“ ავარიის ერთ-ერთ მთავარ ლიკვიდატორ, ბორის შერბინს ასახიერებდა.

მინისერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად რასელ ქროუ დაასახელეს. ამავე კატეგორიაში ქალის როლისთვის პატრიცია არკეტი გამოარჩიეს.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალი 1942 წლიდან იმართება. საუკეთესო კინო და სატელევიზიო ფილმებს ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები არჩევენ. პრემია სულ 25 ნომინაციაში გაიცემა.