„ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში არარსებულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
სპორტულმა ჟურნალისტებმა 2018 წლის „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემის პროცედურაში სერიოზული უზუსტობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ესპანური გაზეთი Marca წერს.
როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტი კომორის კუნძულებიდან აბდუ ბოინა, რომელმაც თავისი ხმა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს მისცა, არ არსებობს, ხოლო გამოცემა, რომელსაც თითქოს ის წარმოადგენდა, უკვე ექვსი წელია დახურულია.
„ჩვენ არ გვაქვს არანაირი ჩანაწერები აბდუ ბოინაზე. ასეთი ადამიანი, უბრალოდ, არ არსებობს,“ – განაცხადა კომორის კუნძულების ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა სტეფან აჰამადიმ.
შეგახსენებთ, რომ France Football-ის გამოკითხვის შედეგად, 2018 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა.