ოქრო, სუნამო, თხილი - რა პროდუქცია გადის საქართველოდან შვეიცარიაში, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდა
ოქრო, სუნამო, თხილი - რა პროდუქცია გადის საქართველოდან შვეიცარიაში, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდა

იმ სახელმწიფოთა რიცხვს, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა შეუძლია, პირველი მაისიდან შვეიცარია და ლიხტენშტაინი დაემატა.

პირველმა არხმა საქსტატიდან სავაჭრო მონაცემები გამოითხოვა. ირკვევა, რომ საქართველოდან შვეიცარიაში ძირითადად დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო გადის. 2018 წლის იანვარ-მარტში ამ პროდუქციის ექსპორტმა 17.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18.5 პროცენტით მეტია. შვეიცარიაში წელს ასევე გავიდა 439 ათასი დოლარის ღირებულების სუნამო; 309 ათასი დოლარის ღირებულების თხილი; 268 ათასი დოლარის ღირებულების საათები; 156 ათასი დოლარის ღირებულების კოსმეტიკური საშუალებები.

შვეიცარიიდან საქართველოში ძირითადად სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული პროდუქცია შემოდის. იანვარ-მარტში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტმა 8,4 მილიონი დოლარი შეადგინა; რენტგენული აპარატურის – 5,9 მილიონი დოლარი; ადამიანისა და ცხოველების სისხლის ან იმუნური შრატების – 1,37 მილიონი დოლარი; აღდგენილი ან ნახმარი საბურავების – 712 ათასი დოლარი და ა.შ.

იანვარ-მარტში საქართველოში ლიხტენშტაინიდან 138 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, ექსპორტი კი არ განხორციელებულა.

შვეიცარია და ლიხტენშტაინი ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში (EFTA) შედიან, რომელთანაც შეთანხმებას საქართველომ 2016 წლის 27 ივნისს გააფორმა. ორგანიზაციის წევრ ორ ქვეყანასთან, ისლანდიასთან და ნორვეგიასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე 2017 წლის პირველ სექტემბერს ამოქმედდა. ნორვეგიაში ექსპორტმა წელს 334 ათასი დოლარი, იმპორტმა კი 1,5 მილიონი დოლარი შეადგინა; ისლანდიაში 70 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, იმპორტმა კი 1,28 მილიონი დოლარი შეადგინა.