ოქრიაშვილმა ტესტი წარმატებით ჩააბარა - ქართველს პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისური გადასცეს
ოქრიაშვილმა ტესტი წარმატებით ჩააბარა - ქართველს პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისური გადასცეს
თორნიკე ოქრიაშვილი ახალი სეზონისთვის მზად არის. ამაზე მეტყველებს გამოკვლევების შედეგები, რომელიც სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ნახევარმცველმა გამოაქვეყნა.
„ანორთოსისის“ მოთამაშეებმა სტანდარტული ერგომეტრიული ტესტები ჩააბარეს. სოციალურ მედიაში თორნიკეს პოსტიდან ჩანს, რომ ქართველი ფეხბურთელის ორგანიზმში ცხიმის პროცენტული მაჩვენებელი 8.53%-ია, ეს კი კარგი მაჩვენებელია და იმაზე მეტყველებს, რომ ოქრიაშვილი სათამაშოდ 100 პროცენტით მზადაა.
ოქრიაშვილის თავს კიდევ ერთი კარგი სიახლეა – თითქმის ხუთნახევართვიანი პაუზის შემდეგ, „ანორთოსისის“ ფეხბურთელებმა პირველი ამხანაგური მატჩი „აპოლონთან“ რომ ჩაატარეს, თორნიკე მოედანზე „ანორთოსისში“ არა 11-ნომრიანი მაისურით, არამედ ყველაზე პრესტიჟული – 10 ნომრით გამოჩნდა.
„თემურ ქეცბაიას გუნდი რუბენ რაიოსმა დატოვა და 10-ნომრიანი მაისური ვაკანტური იყო, რომელიც ოქრიაშვილს გადასცეს. ქართველმა არა მხოლოდ რაიოსის მაისური, არამედ მისი პოზიციაც დაიკავა – ეს კიდევ ერთი სიახლე იყო – ქეცბაიამ 4-2-3-1 სათამაშო სქემაში თორნიკე ფლანგის შემტევის ნაცვლად, მოედნის ცენტრში ათამაშა. დრო გვაჩვენებს, ოქრიაშვილმა ამ პოზიციაზე შესაბამისი დონის მოთამაშის არყოფნის გამო ითამაშა თუ ქეცბაია მას ამ როლისთვის ამზადებს“, – წერს გამოცემა „ფილნიუსი“.