ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ.

ოპოზიციონერების ერთობლივ მიმართვას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„22 სექტემბერს საკრებულოს სახელისუფლებო პარტიის წევრის მიერ ძალადობისკენ ღია მოწოდებას მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური თავდასხმა, რომელშიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო და კრიმინალური სამყაროს წარმომადგნელები.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნული, დანაშაულებრივი, რუსული სტილის მმართველობა ყოველდღიურად ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის მომავალს და დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატო-ში გაწევრიანებაზე და ქვეყნისთვის დასავლური უსაფრთხოების ქოლგის მოპოვებაზე აქტიური მუშაობის ნაცვლად, ხელისუფლება აძლიერებს რუსულ პროპაგანდას.

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინის პარალელურად, აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას სურს, ძალაუფლება ავტორიტარიზმით, ოლიგარქიითა და რუსული კლეპტოკრატიით შეინარჩუნოს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფარცხალაძის დასანქცირებამ და ამის შემდგომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის კოლაბორაციონისტული ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, შეაჩეროს ქვეყნის ევროპულ ოჯახში თავისი ისტორიული ადგილის დამკვიდრება.

ამის კიდევ ერთი დასტურია ნიკა მელიას დაკავება. მაშინ, როდესაც პოლიციას სათანადო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მიმართ ძალადობაში მხილებული პირების წინააღმდეგ – დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერი.

ხელისუფლება მესამედ იყენებს ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაშინ როდესაც რუსეთის ჯაშუშ, ბოტასების ქურდ, დადასტურებულად კრიმინალ, ბოროტმოქმედ და ტერორისტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში მყოფ ფარცხალაძეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ეფარება, რითიც აგრძელებს ევროატლანტიკური კურსის საბოტირებას.

ხელისუფლების მცდელობა, დააშინოს და დაიჭიროს პოლიტიკური ოპონენტები, ვერ მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს, იმიტომ, რომ, მიუხედავად კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი ვერ თანხმდება წარსულზე და ვერ თანხმდება აწმყოზე, ვთანხმდებით საქართველოს ევროპულ მომავალზე, ამ თანხმობით კი ავსახავთ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.

ჩვენ, ქართული პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიული კუთვნილებისა, ყველა, ვისაც გვაერთიანებს ევროპაში ინტეგრაციის სურვილი, გვაერთიანებს საქართველოს ისტორიით ნაკარნახევი ევროპული მომავალი, მოვითხოვთ ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას“.

მიმართვას ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიები: „გირჩი – დროა, „ლელო“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – გიორგი ვაშაძე, „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო” – გიგა ბოკერია, „პროგრესი და თავისუფლება“ – კახა ოქრიაშვილი, „ტრიბუნა“- დავით ჭიჭინაძე; ასევე მიმართვის ხელმომწერები არიან დეპუტატები, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები: გიორგი მარგველაშვილი, ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, არმაზ ახვლედიანი და გიგი უგულავა“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.