ოპოზიციური პარტიის, „იაშარის“ ლიდერი – ეგზიტპოლების შედეგები ნეთანიაჰუსა და 7 ოქტომბრის მთავრობის მიმართ უნდობლობაზე მიუთითებს, დაუყოვნებლივ ვიმოქმედებ, რათა ხალხის ნება აღვასრულო და მთავრობა შევცვალო
ოპოზიციური პარტიის, „იაშარის“ ლიდერი გადი აიზენკოტი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის შეცვლას აპირებს.
საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, აიზენკოტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შედეგები „ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 7 ოქტომბრის მთავრობის მიმართ სრულ უნდობლობაზე მიუთითებს“.
აიზენკოტის განცხადებით, დაუყოვნებლივ დაიწყებს მოქმედებას, რათა ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის მთავრობა რაც შეიძლება მალე შეცვალოს.
„დაუყოვნებლივ ვიმოქმედებ, რათა ხალხის ნება აღვასრულო და ნეთანიაჰუს მთავრობა შევცვალო“, – წერს აიზენკოტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ისრაელში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი ვერ აგროვებს, თუმცა ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბლოკი, ჯამში, მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი.