ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ისრაელში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი ვერ აგროვებს
ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. ეგზიტპოლების თანახმად, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Kan-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ქნესეთში 120-დან 25 მანდატს მოიპოვებს, ხოლო მისი მთავარი კონკურენტის, გადგი აიზენკოტის პარტია „იაშარი“ კი 21-ს. ამასთან, ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბლოკი, ჯამში, 53 მანდატს მიიღებს, ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი კი – 50-ს.
ამასთან, Channel 12-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ქნესეთში 120-დან 24 მანდატს მოიპოვებს, ხოლო მისი მთავარი კონკურენტის, გადგი აიზენკოტის პარტია „იაშარი“ – 22-ს. ამავე ეგზიტპოლის თანახმად, ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბლოკი, ჯამში, 52 მანდატს მიიღებს, ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი კი – 50-ს.
მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის აუცილებელია 61 მანდატი, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს.
ისრაელში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც, ქვეყნის ტელეარხების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი. ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედეგებს, სავარაუდოდ, ხვალ გამოაქვეყნებს.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ეს 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 7.3 მილიონი ამომრჩევლიდან, თითქმის 5.7 მილიონმა მიიღო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურა. ხმების დათვლა ჯერ დასრულებული არ არის.