ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ეკონომიკისა და განათლების სფეროების რეფორმების პრინციპების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ეკონომიკისა და განათლების სფეროების რეფორმების პრინციპების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ეკონომიკისა და განათლების სფეროების რეფორმების პრინციპების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმს ხელი მოაწერა ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელმა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ექსტრაორდინალურ რეფორმებს განახორციელებენ.

მემორანდუმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, ქვეყნის მომავლის რწმენის დასაბრუნებლად საქართველოს მოქალაქეებში და უცხოელ ინვესტორებში, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად ეკონომიკის და განათლების სფეროებში განვახორციელებთ ექსტრაორდინალურ რეფორმებს:

ეკონომიკა

მოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნება

1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, დარეგისტრირდება მფლობელის საკუთრებად;
2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია დარეგისტრირდება სოფლის/თემის საკუთრებად;
3. სახელმწიფო საკუთრება – საწარმოები, მიწა და წიაღისეული (გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა), გადავა მოქალაქეების კერძო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ექნება ამ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება.

მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება

4. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-დე;
5. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში, შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები;
განათლება

6. კერძო განათლება სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება;

7. საჯარო სკოლები მიიღებენ ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას“, – აღნიშნულია მემორანდუმში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები აწერენ ხელს.