ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ
ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

საქართველოში მოქმედი 17 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს და შესაბამის სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გზავნის.

პარტიების მოთხოვნაა სარჩელს პრიორიტეტი მიენიჭოს და დაჩქარებული წესით იქნას განხილული.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთიანად მუშაობდა და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინოს, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო.

„სარჩელი, რასაც ხელს ვაწერთ, არ არის მოკლევადიანი ბრძოლის მექანიზმი. ძალიან მნიშვნელოვანია, სტრასბურგმა დაადგინოს, რომ არჩევნები არალეგიტიმური და და უკანონოდ ჩატარებულია, თუნდაც ამას რამდენიმე წელი დასჭირდეს. ეს იქნება ისტორიული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სარჩელს ხელს ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიორტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი საქართველო“ და სხვა პარტიები აწერენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკური პარტიები იმ აზრის გარშემო გაერთიანდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა წინა არჩევნები გააყალბა. ამ პროცესს იმდენად მასშტაბური დარღვევები სდევდა თან, რომ რეალურად, არჩევნები იყო გაყალბებული“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა კი აცხადებს, რომ სარჩელს არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. მისი თქმით, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული განსხვავებისა, ოპოზიცია არჩევნების შედეგების დასაცავად ერთად დადგება, საჭიროების შემთხვევაში, შედეგებს ქუჩაში პროტესტითაც დაიცავს.

ოპოზიცია სტასბურგის სასამართლოში სარჩელს კვირის ბოლოს გაგზავნის.

დატოვე კომენტარი