ოპოზიციური პარტიები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან
ოპოზიციური პარტიები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, პარტიათა ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების საკითხზე ხელისუფლების ქმედებების მონიტორინგს აპირებენ.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო სრულიად ოპოზიციის შეკრება. მივიღეთ ერთად გადაწყვეტილება, რომ ყველანი კოორდინირებულად ვიმოქმედებთ და გადავწყვიტეთ, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება ხელისუფლების მონიტორინგი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.
ეს ერთობა ნამდვილად უპრეცედენტოა. ოპოზიციამ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადავდეთ და, ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია ხელისუფლებისთვის, რომ არ გატეხოს სიტყვა.
ეს უნდა იყოს სერიოზული გაფრთხილება იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით. ეს შეხვედრები გაგრძელდება. მთელი ოპოზიციური სპექტრი დგას სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად. ულტიმატუმის ენით საუბარი არ გვინდა. იმედია, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და არ დააყენებს ქვეყანას სერიოზული საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.