ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ აქციას კვირას გამართავენ
ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ აქციას კვირას გამართავენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ფართომასშტაბიან აქციას კვირას გამართავენ, მანამდე კი პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციებზე მივლენ, – ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, კვირას დაგეგმილ აქციამდე კონსულტაციები გაიმართება ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის.

„ეს არის მრავალპარტიული პროცესი და ჩართულია ყველა ის ადამიანი, ვინც სოლიდარობას უცხადებს შვილმოკლულ ორ მამას. პოლიტიკოსის ამოცანა და როლი ზუსტად ის არის, რომ ასახოს საზოგადოებრივი ნება. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მიმართ. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალური ორგანიზება გავუკეთოთ ამ სოლიდარობას. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამისთვის ვიყავით დღეს შეკრებილი მრავალპარტიულ ფორმატში და ასევე ვაპირებთ, რომ მოვამზადოთ მასშტაბური აქცია, რომელიც იგეგმება დღესდღეობით კვირას, თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კონსულტაციის შედეგად შვილმოკლულ ორ მამასთან. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება, კვირიკაშვილი, გახარია რაიმე რეალურს შესთავაზებს მათ, რადგან ისინი ითხოვენ ორგანიზატორების დასჯას“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, თუ სარალიძე და მაჩალიკაშვილი გადაწყვეტენ, რომ აქციები აღარ გამართონ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შესაბამისად სარალიძე და მაჩალიკაშვილი სახლებში არ წავლენ.

„არ მინდა, მოვლენებს გავასწრო. ჩემი მოკრძალებული აზრით, ისინი არ გაიწევიან ამ პროცესებიდან გვერდზე, რადგან ვერ მიიღებენ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც აქვთ. ეს არის იგივე გომელაურის დასჯა, მირზა სუბელიანის, შოთაძის დასჯა და არა მხოლოდ მისი თანამდებობიდან გადაყენება. ასეთი ტიპის მოთხოვნები გააჩნიათ მათ, რომელსაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, ამიტომ ისინი არ ჩათვლიან, რომ მათ სამართალი იპოვეს და არ წავლენ სახლებში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.